Sunday, June 7, 2009

ეგვიპტის პირამიდები


დაახლოებით ორმოცდახუთი საუკუნის წინ, ძვ.წ IV ათასწლეულში, ეგვიპტეს მართავდნენა მეოთხე დინასტიის უძველესი ფარაონები. მათ შესახებ ბევრი ცნობა არ შემონახულა. ამ ფარაონების დიდებასა და ძლევამოსილებას ადასტურებენ მათივე სამუდამო განსასვენებლები, რომლებიც კაცობრიობამ აღიარა მსოფლიოს ყველაზე დიდ და იდუმალ საოცრებად. ესენია გიზის ცნობილი პირამიდები. გაკვირვებას იწვევს არა მხოლოდ მათი ფორმა, ზომა და საინჟინრო ტექნიკა, არამედ ისიც, რომ პირამიდა ადამიანის მიერ შექმნილი ქვის პირველი ნაგებობაა. აღსანიშნავია ისიც, რომ გიზის პირამიდები ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთადერთია, რომელმაც თითქმის თავდაპირველი სახით მოაღწია ჩვენამდე.


პირველი პირამიდის აგება ფარაონ ჯოსერის სახელს უკავშირდება. მისი არქიტექტორი იმჰოტეპი ეგვიპტელებმა ღვთაებადაც კი შერაცხეს. ყველაზე დიდი პირამიდა ფარაონ ხუფუსთვის ააშენეს. ეს ფარაონი უფრო ხეოფსის სახელით არის ცნობილი. ეგვიპტელების რწმენით, ხეოფსის პირამიდა უნდა ყოფილიყო ყველა ადრინდელზე მაღალი და დიდი. მის ასაშენებლად დაახლოებით ასი ათასი მონა შრომობდა. პირველი ათი წელი მოსამზადებელ სამუშაოებს დასჭირდა - გაჰყავდათ გზა მშენებლობის ადგილისაკენ, თხრიდნენ მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბებს, ხოლო მდინარე ნილოსის აღმოსავლეთით, ქვის სამტეხლოებში, ათასობით მონა ლოდებს თლიდა და ნილოსის დასავლეთ ნაპირზე გადაჰქონდა. პირამიდა შენდებოდა ოცი წლის განმავლობაში.იგი ხეოფსის მმართველობის 31-ე წელს დასრულდა. დაახლოებით ორი მილიონ სამასი ათასი ქვის ლოდი, თითოეული 2,5 ტონამდე სიმძიმის, სპილენძის იარაღებით გახერხეს და მჭიდროდ მიაკრეს ერთმანეთს.


პირამიდის სიმაღლე 147 მეტრს აღწევს. გათლილი ქვის ფილები ისეა ერთმანეთთან მიდგმული, შიგ ნემსის გატარებაც ჭირს. პირამიდას შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. ვიწრო დერეფანი შედის სამარხში, სადაც ფარაონის კუბო იდგა. იგი ჩვენამდე არ შემონახულა. გვერდითი დერეფანი დედოფლის აკლდამაში გადიოდა. ხეოფსის სიკვდილის შემდეგ მისი ცხედარი გაკვეთეს, ტვინი და შიგნეულობა ამოაცალეს, სხეული 70 დღე მარილიან წყალში შეინახეს, სურნელოვანი ფისი წაუსვეს და გამზადებული მუმია სუდარაში გაახვიეს

No comments:

Post a Comment